ადამიანები, რომლებიც საქართველოში ცხოვრებენ, მაგრამ არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ, თავიანთი უფლებებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებას სპეციალური ვებპორტალის - Stateless.ge-ს მეშვეობით შეძლებენ.
მოქალაქეობის არქონის პორტალი „უფლებები საქართველოს“ მიერ, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით შეიქმნა. პორტალის მეშვეობით, დაინტერესებული პირები გაეცნობიან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მიღების პროცედურას, მოქალაქეობის არქონის სფეროში არსებულ საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასა და მიმდინარე მოვლენებს, ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, ასევე, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მიღების, განათლების, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სერვისების შესახებ. პორტალის კონტენტი ხელმისაწვდომია სამ ენაზე - ქართულად, ინგლისურად და რუსულად.
მოქალაქეობის არქონის გამო ადამიანებს არაერთი დაბრკოლება ექმნებათ თავისუფლად ცხოვრებაში, საკუთრების ფლობასა და განკარგვაში, მიმოსვლასა და მოგზაურობაში, ასევე, სხვადასხვა სერვისზე წვდომაში. დღეისათვის, მსოფლიოში სულ მცირე 10 მილიონი ადამიანი მოქალაქეობის არმქონეა.
საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა რიცხვი მცირეა, თუმცა, გაეროს წევრი სხვა სახელმწიფოების მსგავსად, საქართველო აქტიურად მუშაობს სახელმწიფოში მოქალაქეობის არქონის პრობლემის აღმოფხვრისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ადამიანის უფლებებით თავისუფლად და სრულფასოვნად სარგებლობის შესაძლებლობის შექმნისთვის.
„უფლებები საქართველო“ უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევს მოქალაქეობის არმქონე პირებს, რათა მათ შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის მიღება და უფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა შეძლონ. ორგანიზაცია ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეობის არმქონე პირების იდენტიფიცირებისთვის. აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში.