სტატუსის მაძიებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სააგენტო ადგენს სტატუსის მაძიებლის ვინაობას. სტატუსის მაძიებლის ნამდვილი მონაცემების დადგენის მიზნით, სააგენტო სხვა ქვეყნისა და/ან საქართველოს უფლებამოსილი ორგანოდან გამოითხოვს სტატუსის მაძიებლის სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მონაცემებს ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ ჩანაწერს/ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო ვერ მოიპოვებს აღნიშნულ მონაცემებს/ჩანაწერს/ინფორმაციას, პირის ვინაობა, შესაძლოა, დადასტურდეს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სამედიცინო ან საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების უფლებამოსილი პირის ან საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი ინფორმაციით, ასევე, 2 სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ წარდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული, წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.
სტატუსის მაძიებლის ვინაობის დადგენის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, სტატუსის მაძიებელი მიიწვიოს გასაუბრებაზე, რომლის თარიღის თაობაზე მას უნდა ეცნობოს გასაუბრებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე. არასრულწლოვან ან ქმედუუნარო სტატუსის მაძიებელ პირთან გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მეურვის/მზრუნველის თანდასწრებით.
სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, სხვა სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე, საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება. სააგენტო ასევე უფლებამოსილია, სახელმწიფო ორგანოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია სტატუსის მაძიებლისათვის სტატუსის დადგენის საკითხის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებთან შესაბამისობის თაობაზე. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, სააგენტოს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია 30 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი.
სტატუსის დადგენის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სტატუსის მაძიებელი უზრუნველყოფილია სააგენტოს მხრიდან თარჯიმნის უფასო მომსახურებით. მას ასევე უფლება აქვს ისარგებლოს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარებით.
საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ სტატუსის მაძიებელს, სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში, საქართველოში ყოფნის ვადა ეთვლება საპატიოდ. სტატუსის მაძიებელი, რომელიც კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება საქართველოში, არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. სტატუსის მაძიებელზე სააგენტო გასცემს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას 1 წლის ვადით. სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იწვევს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაუქმებას.
ზემოაღნიშნული პროცედურების დაუცველად სტატუსი შესაძლებელია დაუდგინდეს პირს, თუ:
- 1993 წლის 31 მარტისათვის, ის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;
- მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით.