კონტაქტი
კონტაქტი

გადაწყვეტილების მიღება

სტატუსის დადგენა

 

სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში. სააგენტო უფლებამოსილია, სტატუსის დადგენის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დოკუმენტის/ინფორმაციის მოპოვების მიზნით, განცხადების განხილვის ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 3 თვით. სააგენტოს მიერ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

 

სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილი და სააგენტოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური ამზადებს დასკვნას სტატუსის მაძიებლისთვის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ. სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე. გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ეცნობება განმცხადებელს. სტატუსის დადგენის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში მიეთითება პირისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ.

 

წარმოების შეწყვეტის საფუძვლები

 

სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდება, თუ სტატუსის მაძიებელი

  • გარდაიცვალა;
  • დადგენილი წესით შეტყობინების მიუხედავად, თავს არიდებს გასაუბრებაზე გამოცხადებას;
  • დაკარგა საქართველოში სტატუსის დადგენის ინტერესი (თუ სტატუსის მაძიებელი აღარ არის დაინტერესებული სტატუსის დადგენის საკითხით, იგი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა);
  • არ თანამშრომლობს სააგენტოსთან სტატუსის დადგენისთვის საჭირო გარემოებების დასადგენად;
  • დაუდგინდა ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.

 

სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძვლები

 

სტატუსის მაძიებელს შეიძლება უარი ეთქვას სტატუსის დადგენაზე, თუ:

  • დაუდგინდა საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
  • სტატუსის დასადგენად წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;
  • არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;
  • შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება;
  • მის მიმართ არსებობს „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს კონვენციით განსაზღვრული შემდეგი გარემოებები ((1) სარგებლობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოების ან ორგანიზაციების დაცვით, გარდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრისა, მანამ სანამ იღებს ასეთ დაცვას; (2) საცხოვრებელი სახელმწიფო ანიჭებს ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებს; (3) არსებობს სერიოზული საფუძველი, რომ (ა) ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული ან დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ; (ბ) ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის დანაშაული საცხოვრებელი სახელმწიფოს გარეთ, ამ სახელმწიფოში ჩასვლამდე; (გ) დამნაშავედ არის ცნობილნი დანაშაულისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებსა და მიზნებს).

 

სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები

 

პირს შეუწყდება სტატუსი, თუ:

  • მიიღო ან მას დაუდგინდა საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
  • გამოვლინდა, რომ სტატუსის დასადგენად წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;
  • გამოვლინდა, რომ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;
  • გამოვლინდა, რომ მის მიმართ არსებობს „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს კონვენციით განსაზღვრული შემდეგი გარემოებები ((1) სარგებლობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოების ან ორგანიზაციების დაცვით, გარდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრისა, მანამ სანამ იღებს ასეთ დაცვას; (2) საცხოვრებელი სახელმწიფო ანიჭებს ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებს; (3) არსებობს სერიოზული საფუძველი, რომ (ა) ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული ან დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ; (ბ) ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის დანაშაული საცხოვრებელი სახელმწიფოს გარეთ, ამ სახელმწიფოში ჩასვლამდე; (გ) დამნაშავედ არის ცნობილნი დანაშაულისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებსა და მიზნებს).
  • მასზე პასუხისმგებლობა აიღო „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს კონვენციის ხელშემკვრელმა რომელიმე სახელმწიფომ.

 

სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებიდან 1 თვის შემდეგ. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, სააგენტოს აცნობონ პირისათვის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ. სტატუსის დადგენაზე უარის ან სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, პირზე გავრცელდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოში უცხოელთა კანონიერ საფუძველზე ყოფნისა და საქართველოდან გასვლის ვალდებულება.

 

სტატუსის დადგენაზე უარის ან შეწყვეტის შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი
ბმული: matsne.gov.ge/document/view/2278806?publication=13

„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №523 დადგენილება
ბმული: matsne.gov.ge/ka/document/view/2483498?publication=1 

unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.