მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა და არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად. სტატუსის დადგენის მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, საქართველოში მისი ყოფნის კანონიერების მიუხედავად, რომლის მიმართ არ არის გამოტანილი საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება.
სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვს ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირის საკითხი განიხილება მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენისას, სტატუსის მაძიებელს უნდა განემარტოს ადმინისტრაციული წარმოებისას განმცხადებლის უფლებებისა და მოვალეობების, აგრეთვე, სტატუსის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების შესახებ.