კონტაქტი
კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები

  1. მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსს, ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების მიზნებს ეხმიანება გაერთიანებული ერების ორი მნიშვნელოვანი კონვენცია: კონვენცია „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ და კონვენცია „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“.

    რაც შეეხება ქართულ კანონმდებლობას, მოქალაქეობის არქონასთან და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1-ლი სექტემბრის №523 დადგენილებითა და სხვა დაკავშირებული აქტებით.

  2. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა და არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედა. სტატუსის დადგენის მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, საქართველოში მისი ყოფნის კანონიერების მიუხედავად, რომლის მიმართაც არ არის გამოტანილი საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვს ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირის საკითხი განიხილება მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

  3. სტატუსის დადგენის მიზნით, პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

    • 2 ფოტოსურათი, ზომით ¾;
    • უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც, შესაძლოა, დადასტურდეს სტატუსის მაძიებლის მოქალაქეობის არქონის ფაქტი.
  4. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში. სააგენტო უფლებამოსილია, სტატუსის დადგენის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დოკუმენტის/ინფორმაციის მოპოვების მიზნით, განცხადების განხილვის ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 3 თვით. სააგენტოს მიერ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

  5. სტატუსის მაძიებელსშეიძლება უარიეთქვას სტატუსისდადგენაზე, თუ:

    • დაუდგინდა საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
    • სტატუსის დასადგენად წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;
    • არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;
    • შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება;
    • მის მიმართ არსებობს „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს კონვენციით განსაზღვრული შემდეგი გარემოებები ((1)  სარგებლობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოების ან ორგანიზაციების დაცვით, გარდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრისა, მანამ სანამ იღებს ასეთ დაცვას; (2)  საცხოვრებელი სახელმწიფო ანიჭებს ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებს; (3) არსებობს სერიოზული საფუძველი, რომ (ა) ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული ან დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ; (ბ) ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის დანაშაული საცხოვრებელი სახელმწიფოს გარეთ, ამ სახელმწიფოში ჩასვლამდე; (გ) დამნაშავედ არის ცნობილნი დანაშაულისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებსა და მიზნებს).
  6. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები შემდეგი სახის უფლებებით სარგებლობენ: 

     

    • კანონის წინაშე თანასწორობა
    • საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება
    • საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება
    • შრომითი საქმიანობის უფლება
    • ჯანმრთელობის დაცვის უფლება
    • სოციალური უზრუნველყოფის უფლება
    • ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები
    • განათლების მიღების უფლება
    • კულტურული ღირებულებებით სარგებლობის უფლება
    • საქორწინო და საოჯახო ურთიერთობები
    • სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება
    • მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება
    • პირადი უფლებების გარანტირება
    • მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებების დაცვა
    • შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება
    • თავშესაფრის მიღების უფლება

     

    საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება არ აქვს, გახდეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების წევრი, მონაწილეობა მიიღოს მათ საქმიანობაში ან დააფუძნოს ისინი;
    საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება არ აქვს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და არჩეულ იქნეს მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმში;
    საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებული არ არის, იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში.

  7. „უფლებები საქართველო“, მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებზე, მოქალაქეობის არმქონე პირებისა თუ აღნიშნული სტატუსის მაძიებელი პირებისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფს.

     

    უფასო სამართლებრივი დახმარების/კონსულტაციის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: +995 593 111 405. 

     

    ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე office@rights.ge, „უფლებები საქართველოს“ “Facebook”-ის გვერდზე - facebook.com/rights.ge ან მოგვაკითხოთ სამართლებრივი დახმარების ოფისში, მისამართზე - თბილისი, აკაკი გახოკიძის ქუჩა №11ა.

  8. მოქალაქეობის არმქონე პირი არის ადამიანი, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო თავის მოქალაქედ არ მიიჩნევს. მოქალაქეობის არქონა ნიშნავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე წვდომაში შეფერხებას და აღნიშნული უფლებების სათანადოდ რეალიზების შეუძლებლობას. შესაბამისად, მოქალაქეობის არმქონე პირები, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ბევრი ყოველდღიური პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგებიან.

     

    მოქალაქეობის არქონის პირობებში, ადამიანებს თავისუფლად ცხოვრების, ბინადრობის ნებართვის მიღების, საკუთრების ფლობისა და განკარგვის, თავისუფლად მიმოსვლისა და მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ შეზღუდული. მათთვის ასევე გამოწვევაა ჯანდაცვის სერვისებსა თუ განათლებაზე ხელმისაწვდომობა. მოქალაქეობის არმქონე პირები საოჯახო ცხოვრებასთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ.

unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.