კონტაქტი
კონტაქტი

საერთაშორისო აქტები და ვალდებულებები

კონვენცია „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“

 

მოქალაქეობის არმქონე პირთათვის ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობის შესაძლებლობის განმტკიცებისა და მათი სტატუსის დარეგულირებისა და გაუმჯობესების მიზნით, 1954 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ იქნა კონვენცია „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“, რომელიც მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნებისთვის შექმნილი პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტია.

 

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 9 დეკემბრის დადგენილებით, საქართველო „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ კონვენციას შეუერთდა. კონვენცია საქართველოსთვის, ყოველგვარი დათქმების გარეშე, მოქმედია 2012 წლის 22 მარტიდან. საქართველოს, როგორც კონვენციის წევრ სახელმწიფოს, მოქალაქეობის არმქონე პირებთან მიმართებით არაერთი ვალდებულება აქვს დაკისრებული, რომელთა ეფექტიანი შესრულება მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგებისთვის არის უმნიშვნელოვანესი.

 

უპირველეს ყოვლისა, კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას სახელმწიფოს მხრიდან დაუშვებელია დისკრიმინაციული მოპყრობა, რაც გულისხმობს მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ კონვენციის გამოყენებას მიუხედავად რასისა, რელიგიისა ან წარმოშობის სახელმწიფოსა. სახელმწიფო ვალდებულია, თავის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირებს, მათი და მათი ბავშვების რელიგიური აღმსარებლობისა თუ რელიგიური განათლების თავისუფლებასთან დაკავშირებით ისეთივე ხელსაყრელი რეჟიმი მიანიჭოს, როგორიც მის მოქალაქეებს აქვთ. მოქალაქეებთან გათანაბრებული დაცულობის ხარისხით უნდა სარგებლობდნენ მოქალაქეობის არმქონე პირები სამეწარმეო უფლებებთან, სახელმწიფო დახმარებასთან, სოციალურ უსაფრთხოებასა და ანაზღაურებასთან (საოჯახო შემწეობის ჩათვლით) დაკავშირებით. იგივე დათქმა ვრცელდება დაწყებით განათლებასთან მიმართებით, ხოლო დაწყებითი განათლების გარდა ყველა სხვა ტიპის განათლებასთან დაკავშირებით, მოქალაქეობის არმქონე პირები უნდა იყვნენ უცხოელებისთვის მინიჭებულ უფლებებთან მიმართებით არანაკლებ ხელსაყრელ მდგომარეობაში. ანალოგიურად, მოქალაქეობის არმქონე პირს სახელმწიფომ უნდა დააკისროს მხოლოდ იმგვარი გადასახდელები, მოსაკრებლები ან გადასახადები, რომლებიც შესაძლოა მის მოქალაქეებს ამავე სიტუაციაში დააკისროს.

 

ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა მოძრავი და უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული უფლებები, ანაზღაურებად სამუშაოსთან, თვითდასაქმებასთან, ასევე, ბინით უზრუნველყოფასთან მიმართებით, მოქალაქეობის არმქონე პირები უნდა იყვნენ უცხოელებისათვის მინიჭებულ უფლებებთან მიმართებით არანაკლებ ხელსაყრელ მდგომარეობაში. იგივე დათქმა ვრცელდება მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ არაპოლიტიკური და არაკომერციული გაერთიანებებისა და პროფესიული კავშირების შექმნასთან დაკავშირებით, ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომელთაც აქვთ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ აღიარებული დიპლომი და სურთ, გაჰყვნენ თავისუფალ პროფესიას.

 

მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის კონვენცია ადგენს გარანტიებს საპროცესო უფლებებთან მიმართებითაც. კერძოდ, მოქალაქეობის არმქონე პირს უნდა ჰქონდეს უფლება, თავისუფლად მიმართოს სასამართლოს. მოქალაქეობის არმქონე პირი იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი, სასამართლოს ხელმისაწვდომობის მხრივ, სარგებლობს ისეთივე უფლებებით, როგორითაც სარგებლობენ ამ ქვეყნის მოქალაქეები. ეს უფლებები მოიცავს ასევე იურიდიულ დახმარებასა და იურიდიული ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების პირობებს.

 

კონვენცია ასევე მკაფიოდ აწესებს, რომ სახელმწიფომ უნდა გასცეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი თავის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ, რომელთაც არ აქვთ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი. სახელმწიფომ თავის ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირს ასევე უნდა მიანიჭოს უფლება, აირჩიოს ბინადრობის ადგილი და თავისუფლად გადაადგილდეს მისი ტერიტორიის ფარგლებში, იმავე პირობებში უცხოელებისთვის დაწესებული წესების შესაბამისად. ასევე, სახელმწიფომ მის ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირებზე ამ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სამგზავროდ უნდა გასცეს სამგზავრო დოკუმენტები.

 

სახელმწიფომ არ უნდა გაასახლოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც კანონიერად იმყოფება მის ტერიტორიაზე, თუ საფრთხე არ ემუქრება ეროვნულ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. ასეთი გასახლება უნდა განხორციელდეს მხოლოდ კანონიერად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლებელია. მოქალაქეობის არმქონე პირს უნდა მიეცეს დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის, თავის გასამართლებელი მტკიცებულებების წარდგენის, საჩივრის შეტანისა თუ წარმომადგენლის ყოლის უფლება.

 

ზემოაღნიშნულ კონვენციის აქვს დათქმა, რომლის მიხედვით, მისი მოქმედება არ ვრცელდება იმ პირების მიმართ, (1) რომლებიც სარგებლობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოების ან ორგანიზაციების დაცვით, გარდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრისა, მანამ სანამ იღებენ ასეთ დაცვას; (2) რომლებსაც საცხოვრებელი სახელმწიფო ანიჭებს ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებს; (3) ვისთან დაკავშირებითაც არსებობს სერიოზული საფუძველი, რომ (ა) ჩაიდინეს დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული ან დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ; (ბ) ჩაიდინეს არაპოლიტიკური ხასიათის დანაშაული საცხოვრებელი სახელმწიფოს გარეთ, ამ სახელმწიფოში ჩასვლამდე; (გ) დამნაშავედ არიან ცნობილნი დანაშაულისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებსა და მიზნებს.

 

კონვენცია „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“

 

მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეობის არმქონე პირთა ჭარბი რაოდენობის მხედველობაში მიღებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, 1961 წელს მიღებულ იქნა კონვენცია „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“, რომლის მიზანი სახელმწიფოებში მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირებაა.

 

საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 2 აპრილის დადგენილებით, საქართველო „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციას შეუერთდა. კონვენცია საქართველოსთვის მოქმედია 2014 წლის 29 სექტემბრიდან და, შესაბამისად, მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირების მიზნით, პირთათვის მოქალაქეობის მიცემის, მოქალაქეობის დაკარგვის თუ ჩამორთმევის საკითხებთან მიმართებით, რიგ საერთაშორისო ვალდებულებებს ითვალისწინებს. კონვენციის რატიფიცირებისას სახელმწიფომ დაიტოვა უფლება, მოქალაქეობა ჩამოართვას პირს, რაც გამოიხატება მოქალაქეობის დაკარგვით, როგორც ეს გათვალისწინებულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. ასევე, პარლამენტის დადგენილებით განისაზღვრა, რომ კონვენციის საქართველოსთვის ძალაში შესვლა არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მინიჭებული მოქალაქეობის აღიარება.

 

პირისთვის მოქალაქეობის მიცემასთან დაკავშირებით, „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენცია სახელმწიფოს უდგენს შემდეგი სახის მნიშვნელოვან ვალდებულებებს: სახელმწიფომ მოქალაქეობა უნდა მისცეს თავის ტერიტორიაზე დაბადებულ პირს, რომელიც სხვა შემთხვევაში მოქალაქეობის არმქონე იქნება. ასეთი მოქალაქეობა პირს მიეცემა (ა) დაბადებისას ან (ბ) პირის მიერ ხელისუფლების ორგანოსათვის განცხადების წარდგენის საფუძველზე. სახელმწიფომ ასევე უნდა მისცეს მოქალაქეობა პირს, რომელიც სხვა შემთხვევაში, მოქალაქეობის არმქონე იქნება და, კონვენციით ჩამოთვლილი მიზეზების გამო, არ შეუძლია იმ სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება, რომლის ტერიტორიაზეც დაიბადა. სახელმწიფო მოქალაქეობას ასევე მისცემს პირს, რომელიც არ დაბადებულა სახელმწიფოს ტერიტორიაზე და, სხვა შემთხვევაში, მოქალაქეობის არმქონე იქნება, თუ მისი დაბადების დროს ერთ-ერთი მშობელი ამ ქვეყნის მოქალაქე იყო. თუ მისი დაბადებისას მშობლები არ იყვნენ ერთი და იმავე სახელმწიფოს მოქალაქეები, მაშინ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით გადაწყდება საკითხი პირმა დედის მოქალაქეობა უნდა აირჩიოს თუ მამის. გარდა ამისა, სახელმწიფოს ტერიტორიაზე ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვს, რომლის დედა არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე, დაბადებიდანვე უნდა მიეცეს მოქალაქეობა, თუ, სხვა შემთხვევაში, იგი იქნება მოქალაქეობის არმქონე. ასევე, სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნაპოვნი ბავშვი, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, ითვლება ამ ტერიტორიაზე დაბადებულად, რომლის მშობლებსაც გააჩნიათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა.

 

მოქალაქეობის დაკარგვასთან მიმართებით, კონვენცია ადგენს, რომ თუ სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია მოქალაქეობის დაკარგვა ისეთი პირადი სტატუსის შეცვლისას, როგორებიცაა ქორწინება, განქორწინება, არარეგისტრირებული ქორწინებით დაბადებული ბავშვის შვილება ან აღიარება, მაშინ სავალდებულო წინაპირობა უნდა იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობა ან მიღება. თუ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი კარგავს მოქალაქეობას მამობის აღიარების შედეგად, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიბრუნოს მოქალაქეობა უფლებამოსილი ორგანოსათვის განცხადების წარდგენის გზით. ხოლო სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც ცდილობს, მოქალაქეობა მიიღოს ნატურალიზაციის გზით სხვა ქვეყანაში, არ დაკარგავს მოქალაქეობას მანამ, სანამ არ მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ან სათანადო მტკიცებულებას, რომ ექნება მოქალაქეობა. ნატურალიზებულმა პირმა შეიძლება დაკარგოს მოქალაქეობა არანაკლებ შვიდი თანამიმდევრული წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრების საფუძველზე, თუკი იგი მოქალაქეობის შენარჩუნების განზრახვის შესახებ არ აცნობებს ხელისუფლების სათანადო ორგანოს. გარდა ჩამოთვლილი შემთხვევებისა, სახელმწიფოს მოქალაქემ არ უნდა დაკარგოს მოქალაქეობა, თუ ამას შედეგად მოჰყვება მისი გადაქცევა მოქალაქეობის არმქონედ.

 

რაც შეეხება მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს, კონვენციით განმტკიცებულია, რომ სახელმწიფო არ ჩამოათრევს პირს მოქალაქეობას, თუ შედეგად იგი მოქალაქეობის არმქონედ გადაიქცევა. აღნიშნულის პარალელურად, კონვენცია ჩამოთვლის რიგ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში პირს შეიძლება ჩამოერთვას მოქალაქეობა. სახელმწიფოს მიერ კანონის საფუძველზე მოქალაქეობის ჩამორთმევის შემთხვევაში, მოქალაქეობის მაძიებელ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, ისარგებლოს სასამართლოს ან დამოუკიდებელ ორგანოში სამართლიანი განხილვით. ასევე, კონვენციის მნიშვნელოვანი დათქმაა, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია პირს მოქალაქეობა ჩამოართვას რასობრივ, ეთნიკურ, რელიგიურ ანდა პოლიტიკურ საფუძველზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

„მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ კონვენცია
ბმული: matsne.gov.ge/document/view/4109269?publication=0

„მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენცია
ბმული: matsne.gov.ge/document/view/4109303?publication=0 

unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.