საქართველოში უცხოელსა და სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს ჯანმრთელობის დაცვის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით.
საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან მოქმედებს. პროგრამის მიზანია ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა.
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას იღებს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება პროგრამის პირობებს და დადგენილი წესით, წერილობით დაუდასტურებს სოციალური მომსახურების სააგენტოს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს მასშტაბით თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება.
- გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის პირს შეუძლია სურვილისამებრ დარეგისტრირდეს მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში;
- გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მისაღებად, სამედიცინო დაწესებულების არჩევისას, რაიმე შეზღუდვა არ არსებობს;
- გეგმური ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურება მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე ხორციელდება.
პროგრამის შესახებ, ასევე, მომსახურების გამცემი სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის - 1505, ასევე, საინფორმაციო პორტალის - cloud.moh.gov.ge მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
„2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №279 დადგენილება
ბმული: matsne.gov.ge/ka/document/view/2066026?publication=4
დამატებითი რესურსები:
help.unhcr.org/georgia/wp-content/uploads/sites/47/2021/06/UNHCR-Healthcare-Brochure_Geo.pdf