ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერითა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, მოქალაქეობის არქონის აქტუალურ საკითხებზე რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
შეხვედრები 21 სექტემბრიდან 18 ოქტომბრამდე პერიოდში, საქართველოს შვიდ ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ახალციხესა და გორში - ჩატარდა და მათ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საქართველოს სახალხო დამცველისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოქალაქეობის არქონის პრობლემის თავისებურებები გააცნეს, აგრეთვე აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
დღესდღეობით, მსოფლიოში მოქალაქეობის არმქონე მილიონობით ადამიანია. მოქალაქეობის არქონა ნიშნავს, რომ პირს არც ერთი სახელმწიფო თავის მოქალაქედ არ მიიჩნევს, რაც ქმნის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ადამიანის უფლებების სათანადოდ რეალიზების კუთხით.
რიგ შემთხვევებში, მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფლად ცხოვრების, ბინადრობის ნებართვის მიღების, საკუთრების ფლობისა და განკარგვის, თავისუფლად მიმოსვლისა და მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ შეზღუდული. გარდა ამისა მათ ექმნებათ დაბრკოლება ჯანდაცვის და განათლების სისტემებზე წვდომის, აგრეთვე დასაქმების კუთხით.
საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობა მცირეა, თუმცა ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის.
2022 წლის აპრილიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირებისთვის ქვეყნის მასშტაბით „კარდაკარ“ კამპანიას ატარებს.
„უფლებები საქართველო“ 2020 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, მოქალაქეობის არმქონე პირებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევს.