2022 წლის 1 მაისიდან, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის შესაბამისი სტატუსის დადგენისა და საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული მომსახურების საფასური გაუქმდა.
საქართველოს მთავრობის №217 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებსაც სურთ, მიიღონ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, ამ მომსახურების საფასურს აღარ გადაიხდიან. ცვლილებების განხორციელებამდე, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მოპოვების საფასური 25 ლარს შეადგენდა (შემცირებული 50 ლარიდან).
გარდა ამისა, მომსახურების საფასურს ასევე აღარ გადაიხდიან საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებსაც ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ. ხსენებულ ცვლილებებამდე, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებისთვის განსაზღვრული საფასური 50 ლარს შეადგენდა.
მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მიღების საფასურის შემცირება საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წელს, მოქალაქეობის არმქონე პირების შესახებ მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში აღებული ვალდებულების შედეგია, რომლის მიზანიც მოქალაქეობის არმქონე პირების იდენტიფიცირება და დოკუმენტირება იყო.