კონტაქტი
კონტაქტი

უფლებები და ვალდებულებები

უფლებები და ვალდებულებები

საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს ისეთივე უფლებები და თავისუფლებები, როგორებიც – საქართველოს მოქალაქეს და აკისრია ისეთივე მოვალეობები, როგორებიც – საქართველოს მოქალაქეს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველო იცავს თავის ტერიტორიაზე მყოფი სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სიცოცხლეს, პირად ხელშეუხებლობას, უფლებებსა და თავისუფლებებს. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები გარანტირებულები არიან შემდეგი უფლებებით და აღჭურვილნი არიან შემდეგი ვალდებულებებით:

 

კანონის წინაშე თანასწორობა - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე ყველა პირი თანასწორია კანონის წინაშე, წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, საქმიანობის სფეროს და სხვა გარემოებების მიუხედავად.

 

საქართველოს კანონმდებლობის დაცვის ვალდებულება - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, საქართველოს მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს.

 

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზაციით მიენიჭოს.

 

საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს შეუძლია განახორციელოს საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მას აქვს ისეთივე უფლებები და აკისრია ისეთივე მოვალეობები, როგორებიც – საქართველოს მოქალაქეს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

შრომითი საქმიანობის უფლება - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შრომითი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

 

ჯანმრთელობის დაცვის უფლება - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს ჯანმრთელობის დაცვის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სოციალური უზრუნველყოფის უფლება - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს დახმარების, პენსიისა და სხვაგვარი სოციალური უზრუნველყოფის ისეთივე უფლება, როგორიც – საქართველოს მოქალაქეს.

 

ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია საკუთრებაში ჰქონდეს, მემკვიდრეობით მიიღოს ან ანდერძით დატოვოს ნებისმიერი ქონება, აგრეთვე შეუძლია ჰქონდეს არაქონებრივი უფლებები. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით.

 

განათლების მიღების უფლება - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს განათლების მიღების უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

კულტურული ღირებულებებით სარგებლობის უფლება - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს კულტურული ღირებულებებით სარგებლობის ისეთივე უფლება, როგორიც – საქართველოს მოქალაქეს. მას გარანტირებული აქვს მშობლიური ენით სარგებლობის, ეროვნული კულტურისა და ტრადიციების დაცვის უფლება, თუ ეს ზიანს არ აყენებს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია გაუფრთხილდეს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლებს და სხვა კულტურულ ღირებულებებს.

 

პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებში მონაწილეობის უფლება - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება არ აქვს, გახდეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების წევრი, მონაწილეობა მიიღოს მათ საქმიანობაში ან დააფუძნოს ისინი. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, საქართველოში აქვს ისეთივე უფლება, დააფუძნოს საზოგადოებრივი გაერთიანებები, გახდეს პროფესიული კავშირების, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული საზოგადოებებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრი, როგორიც – საქართველოს მოქალაქეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ ორგანიზაციების წესდებებსა და საქართველოს კანონმდებლობას.

 

საქორწინო და საოჯახო ურთიერთობები - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს შეუძლია დაქორწინდეს და განქორწინდეს საქართველოს მოქალაქესა და სხვა პირზე. იგი საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებში სარგებლობს ისეთივე უფლებებით, როგორებითაც – საქართველოს მოქალაქე და აკისრია ისეთივე მოვალეობები, როგორებიც – საქართველოს მოქალაქეს.

 

სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია მისი დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობისა და რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

 

მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლებები. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების, მართლმსაჯულების განხორციელების ან საქართველოში მცხოვრებ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.

 

დაბეგვრა - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი იბეგრება ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

პირადი უფლებების გარანტირება - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული აქვს პიროვნებისა და საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობა, პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩაურევლობა, ღირსებისა და რეპუტაციის პატივისცემა, კორესპონდენციის საიდუმლოების დაცვის უფლება, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

 

მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებების დაცვა - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, პირადი, ქონებრივი და სხვა უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს, მიუხედავად თავისი სამართლებრივი მდგომარეობისა. სამართალწარმოების დროს იგი სარგებლობს ისეთივე საპროცესო უფლებებით, როგორებითაც – საქართველოს მოქალაქე. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომლის მოქალაქეც არის იგი ან რომელშიც ის მუდმივად ცხოვრობს ან რომელიც უფლებამოსილია დაიცვას მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები. მისი მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები ვალდებული არიან, მისი დაკავების, დაპატიმრების ან თავისუფლების აღკვეთის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. აღნიშნული დანაწესი არ მოქმედებს არ ვრცელდება თავშესაფრის მაძიებელსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე.

 

არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება არ აქვს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და არჩეულ იქნეს მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმში.

 

შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სამხედრო ვალდებულება - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებული არ არის, იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში.

 

თავშესაფრის მიღების უფლება - საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს უფლება, ეძიოს და მიიღოს თავშესაფარი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი
ბმული: matsne.gov.ge/document/view/2278806?publication=13

unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.