კონტაქტი
კონტაქტი

მოქალაქეობის მიღება

საქართველოს მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორი არიან განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და ნებისმიერი სხვა ნიშნისა. საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და სხვა ნორმატიული აქტები. საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე და მისი ფარგლების გარეთ იცავს საქართველო.

მოქალაქეობის მოპოვების გზები
 

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება შესაძლებელია ორი გზით:

 

1.  დაბადებით - საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს:
 

  • პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე სუროგაციით დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.
     

2. ნატურალიზაციით (საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით) 

 

საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოიპოვება შესაძლებელია (1) ჩვეულებრივი წესით; (2) გამარტივებული წესით); (3) საგამონაკლისო ან (4) აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გზით.

 

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება - მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ან სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

 

სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებს:
 

  • კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში;
  • დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა (არ ვრცელდება მხარდაჭერის მიმღებზე, ასევე, იმ პირზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნულ მოთხოვნას);
  • დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები (არ ვრცელდება მხარდაჭერის მიმღებზე, ასევე, იმ პირზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნულ მოთხოვნას);
  • მუშაობს, ან/და აქვს უძრავი ქონება საქართველოში, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს (არ ვრცელდება მხარდაჭერის მიმღებზე, ასევე, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე).

 

არასრულწლოვან პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით არ მოუპოვებია, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;
 

არასრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოს მოქალაქემ შვილად აიყვანა.

 

საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც საქართველოში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება.

 

საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება - საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირისათვის ან რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.

 

საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ მან დადგენილ ფარგლებში იცის (1) საქართველოს სახელმწიფო ენა და (2) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

 

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება - საქართველოს მოქალაქეობაშეწყვეტილი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გზით აღდგენა.

 

საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა (1) არამართლზომიერად - თუ პირი საქართველოს მოქალაქეობას კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე დაკარგავს. ამ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისას პირზე არ გავრცელდება ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები; (2) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; (3) მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად - საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას.

 

პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ მან (1) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა (არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც აქვთ ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნულ მოთხოვნას); (2) არ არსებობს საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები - პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ:
 

  • ა) ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;
  • ბ) მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში;
  • გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება;
  • დ) იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.

 

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მხოლოდ იმ პირებისთვის არის შესაძლებელი, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან და რომლებსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვთ, ან რომლებისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

 

არასრულწლოვანი პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რომლის ორივე მშობელი უცნობია, საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება.

 

მოქალაქეობის მოპოვების პროცედურა
 

 

საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე არასრულწლოვანი პირის განცხადებას წარადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო მხარდაჭერის მიმღების განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ მხარდამჭერის დახმარებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განხილვისას მოწმდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონე.

 

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განმცხადებელი წარადგენს:
 

  • ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადებას;
  • ბ) ფოტოსურათს - ზომით 3X4;
  • გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი თავისუფლდება საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების საკითხისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისგან);
  • დ) ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა საჭირო დოკუმენტებს.

 

არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი მხარდაჭერის მიმღები პირია.

 

განმცხადებელი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარადგინოს მოქალაქეობის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა საბუთი, თუკი საჭირო დოკუმენტაცია სააგენტოს ერთიან რეესტრში არ მოიპოვება. დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო, მის მიერ განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღეში, განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

თუ პირს (ა) ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ან (ბ) მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, სააგენტო ამზადებს უარყოფით დასკვნას და 3 დღეში აცნობებს განმცხადებელს. ხოლო თუკი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია განმცხადებლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, სააგენტო ამზადებს უარყოფით დასკვნას და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს.

 

სააგენტოს მოტივირებული დასკვნა პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობის შესახებ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს განცხადების/წარდგინების რეგისტრაციის დღიდან 3 თვეს. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.

 

სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების, ასევე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების მსურველი პირი გაივლის ტესტირებას ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, დადგენილ ფარგლებში, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად. ხოლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მსურველი პირი - ქართული ან აფხაზური ენის ცოდნის შესაფასებლად.

 

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მსურველმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:
 

  • ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და ფლობს აღნიშნულ დოკუმენტს);
  • ბ) ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა);
  • გ) საქართველოში სამუშაო ადგილის ან/და უძრავი ქონების, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის, ან/და საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მსურველმა ლტოლვილის სტატუსის ან საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:
 

ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და ფლობს აღნიშნულ დოკუმენტს);
ბ) ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი - ბინადრობის მოწმობა.

 

საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების მსურველმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:
 

  • დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);
  • სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მოქალაქეობის შესახებ);
  • საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქორწინების მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ) ასლი;
  • მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა).

 

აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განსახილველად განმცხადებელმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს იმ დოკუმენტის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ, ასევე, ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლებიდან ერთ-ერთის ან ერთდროულად რამდენიმეს დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება შესაბამისი მომსახურების საფასური, თუ მას საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეუწყდა.

 

საქართველოს მოქალაქეობის დადგენა
 

საქართველოს მოქალაქეებად, იმ პირების გარდა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან:
 

  • ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
  • ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
  • გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

 

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენა
 

  • ა) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება;
  • ბ) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შვილი, რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება.

 

საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა ენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
ბმული: matsne.gov.ge/document/view/2342552?publication=6

 

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის №2 დადგენილება
ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4319734?publication=3 
 

unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.