ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლება - საქართველოში უზრუნველყოფილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ბავშვთა უფასო აღზრდა და განათლება, აგრეთვე მათი კვება კანონმდებლობით დადგენილი წესით. სკოლამდელი აღზრდა და განათლება, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა, არის ნებაყოფლობითი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის. საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სერვისი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;
ზოგადი განათლება - საქართველოში ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას. მოსწავლის განათლების სახელმწიფო დაფინანსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გრძელდება 12 წლის განმავლობაში. აღნიშნული დაფინანსება ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეზე, ისე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე პირზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე (მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე), მოქალაქეობის არმქონე პირსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე;
უმაღლესი განათლება - უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე ნებისმიერ პირს. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. დოქტორანტურაში სწავლის უფლება კი აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი წერილობითი ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგები სავალდებულოა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს მოქალაქეზე ან რეზიდენტზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის საფუძველია. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში გაცემულ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან მასთან გათანაბრებულ დოკუმენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
რაც შეეხება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით სარგებლობას, აღნიშნულის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებს.
პროფესიული განათლება - განათლება, რომელიც უზრუნველყოფს პირისთვის იმ კომპეტენციების გამომუშავებას, რომლებსაც მოითხოვს კონკრეტული პროფესია ან/და შრომის ბაზარი და რომლებიც მიმართულია მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის პროფესიული, სოციალური და პიროვნული განვითარებისკენ. საქართველოში ყველას აქვს უფლება, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული განათლების მიღების უფლებით.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
- საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირი, რომელსაც აქვს:
ა) სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, დაიშვება იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები;
ბ) სულ მცირე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი, დაიშვება საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
- უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
- პროფესიული მომზადების პროგრამაზე ან პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი პროგრამით დადგენილ პირობებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
ბმული: matsne.gov.ge/ka/document/view/3310237?publication=12
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
ბმული: matsne.gov.ge/document/view/29248?publication=94
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
ბმული: matsne.gov.ge/document/view/32830?publication=97
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი