კონტაქტი
კონტაქტი

სოციალური დახმარება

საქართველოში სოციალური დახმარების სერვისი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.

 

სოციალური დახმარების სახეებია:

 

საარსებო შემწეობა - ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის;

 

რეინტეგრაციის შემწეობა - ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ ბავშვს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას;

 

მინდობით აღზრდის ანაზღაურება - ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა მინდობით აღმზრდელს მინდობით აღსაზრდელის მოსავლელად და აღსაზრდელად;

 

სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება - ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა პირს (ოჯახს), რომელიც სრულწლოვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას;

 

არაფულადი სოციალური დახმარება - სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი შეიძლება იყოს არაფულადი სოციალური დახმარების მიმღები. პრევენციისა და რეინტეგრაციის მიზნით არაფულადი სოციალური დახმარება შეიძლება გაეწიოს აგრეთვე ბავშვს ან/და მის ოჯახს, როდესაც ოჯახში არსებული მდგომარეობა ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის დასაბუთებული წინაპირობაა, ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვს მისი ოჯახურ გარემოში ცხოვრების უზრუნველსაყოფად;

 

სოციალური პაკეტი - ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა. სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლებია (ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; (ბ) მარჩენალის გარდაცვალება.

 

სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.

 

საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (ღატაკი ოჯახი). საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.

 

სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) მისაღებად პირმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შეავსოს დადგენილი ფორმის განაცხადი და დარეგისტრირდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ, ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე. საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს, განმეორებითი შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის შესაბამისად, უგრძელდება ან უწყდება საარსებო შემწეობა.

 

საარსებო შემწეობის ოდენობა შემდეგნაირად განისაზღვრება:

 

ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – 60 ლარი ოჯახის ყველა წევრზე;

ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – 50 ლარი ოჯახის ყველა წევრზე;

გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – 40 ლარი ოჯახის ყველა წევრზე;

დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე – 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120001-ზე ნაკლებია – 150 ლარი ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე („ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობასთან ერთად, ოჯახები „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობას დამატებით იღებენ).

 

საარსებო შემწეობის თანხის მისაღებად პირმა უნდა მიმართოს სს „ლიბერთი ბანკს“, სადაც ანგარიშის უფასოდ გახსნისა და პლასტიკური ბარათის დამზადების შემდეგ, ყოველთვიურად ჩაერიცხება კუთვნილი ფულადი დახმარება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი

ბმული: matsne.gov.ge/ka/document/view/23098?publication=15 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №145 დადგენილება

ბმული: matsne.gov.ge/ka/document/view/10276?publication=44

unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.