საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, პირს მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა მიეცემა ავტომატურად, რის შესახებაც მიეთითება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში.
პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით, რომლის გაგრძელება შესაძლებელია იმავე ვადითა და იმავე პირობით, შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შემთხვევაში, არ ხდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გადამოწმება.
მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით, ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით.
მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც აღარ ცხოვრობს საქართველოში, ვალდებულია ჩააბაროს ბინადრობის მოწმობა სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი
ბმული: matsne.gov.ge/document/view/2278806?publication=13
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №520 დადგენილება